არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ის სხვებს ანუგეშებს

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ის სხვებს ანუგეშებს

 კლოდინი სამხრეთ აფრიკელი იეჰოვას მოწმეა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მას სერიოზული ოპერაცია დასჭირდა. მისი შემთხვევა საკმაოდ რთული იყო და უნდა გადაეწყვიტა, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევდა. ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდგომაც ის თავს ძალიან სუსტად გრძნობდა, ტკივილები ტანჯავდა და დიდ სტრესს განიცდიდა. სახლში დაბრუნებიდან ორთვე-ნახევრის შემდეგაც კი კლოდინს კვლავ არ შეეძლო წამოჯდომა. კოვიდპანდემიის გამო ის ვერც მნახველებს იღებდა.

 კლოდინმა გადაწყვიტა, საკუთარი თავი არ შესცოდებოდა, და ღმერთს სთხოვა, მისთვის სხვების გამხნევების ძალა მიეცა. ასე რომ, როგორც კი წამოჯდომა შეძლო, თავისი მეზობლის დას შეეხმიანა, რომელიც ერთ დროს ბიბლიას სწავლობდა. კლოდინმა ბიბლიიდან გამამხნევებელი აზრები გაუზიარა მას, რამაც ამ ქალბატონს ბიბლიის შესწავლის გაგრძელების სურვილი გაუღვიძა. კლოდინმა მას ისიც აუხსნა, რამდენად კარგი იქნებოდა მისთვის ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და როგორ უნდა ჩართულიყო ამ შეხვედრებზე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. საბოლოოდ ეს ქალბატონი დაესწრო შეხვედრას და კომენტარებიც გააკეთა.

 კლოდინმა თავისი შემსწავლელის უმცროს დასაც უქადაგა. ბიბლიის შესწავლის დაწყების სურვილი მასაც გაუჩნდა. მან კლოდინს უთხრა, რომ ჰყავდა მეგობრები, რომლებიც მასავით შეიძლება დაინტერესებულიყვნენ ბიბლიით. შედეგად, კლოდინმა კიდევ ოთხ ქალბატონთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. თუმცა ეს ისტორია ამით არ დამთავრებულა.

კლოდინი

 სხვებისადმი კლოდინის გულწრფელი ინტერესი ნამდვილად დაფასდა — მან კიდევ ათი შესწავლა დაიწყო და ახლა 16 ქალბატონს ასწავლის ბიბლიას. ზოგიერთი მათგანი შეხვედრებსაც ესწრება რეგულარულად ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. სხვებისთვის იეჰოვას გაცნობა კლოდინს ეხმარება, ნაკლებად იფიქროს საკუთარ მდგომარეობაზე. მან საკუთარ თავზე გამოცადა, როგორი ნუგეშისმცემელია იეჰოვა, ამან კი იმის ძალა მისცა, თავადაც ენუგეშებინა სხვები (2 კორინთელები 1:3, 4).

 საინტერესოა, რას ფიქრობენ შესწავლაზე ეს ქალბატონები. ერთ-ერთი ასეთ რამეს აღნიშნავს: „შესწავლა ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. ჩემზე განსაკუთრებით ღვთის სახელის გაგებამ იმოქმედა, რადგან სწორედ ამის წყალობით დავუახლოვდი მას“. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ქალბატონი, რომელსაც კლოდინი შეეხმიანა, უკვე ნათლობას გეგმავს. კლოდინს ძალიან ახარებს თავისი შემსწავლელების წინსვლა. საბედნიეროდ, ის ფიზიკურადაც დღითი დღე უკეთ გრძნობს თავს.