მათ მზადყოფნა გამოავლინეს — გაიანა
„ენით აუწერელი სიხარული მოაქვს მსახურებას იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა!“ — ამ სიტყვებს ამბობს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჯოშუა, რომელიც გარკვეული ხნით გაიანაში მსახურობდა. მის სიტყვებს სრულად ეთანხმებიან სხვა იეჰოვას მოწმეებიც, რომლებიც სამხრეთ ამერიკის ამ ნაყოფიერ სამქადაგებლო ტერიტორიაზე გადავიდნენ. a რა შეგვიძლია ვისწავლოთ იმ და-ძმების გამოცდილებიდან, რომლებიც ასეთ ტერიტორიებზე ქადაგებენ? როგორ დაგეხმარებათ მათი შემთხვევები, თუ თქვენც აპირებთ სხვა ქვეყანაში მსახურებას?
რამ აღძრა ისინი?
გაიანაში გადასვლამდე ძმა ლინელი ჯერ თავის ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში, ქადაგებდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ის ამბობს: „ოცი და-ძმა ორი კვირით დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთ სოფელში გადავედით საქადაგოდ. მსახურების შემთხვევებმა და იმ საოცარმა ურთიერთობებმა, რაც ამ ორი კვირის განმავლობაში გვქონდა, შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა ჩემი ცხოვრება. საბოლოოდ გადავწყვიტე, გამეფართოებინა მსახურება და უფრო სრულად ჩავბმულიყავი ქადაგების საქმეში“.
გარსმა და ერიკამ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს სხვა ქვეყანაში გადასულიყვნენ საქადაგოდ. მათ არჩევანი გაიანაზე შეაჩერეს. რატომ მაინც და მაინც გაიანა? ერიკა ამბობს: „ერთ წყვილს ვიცნობდით, რომელიც იქ მსახურობდა. მათმა ენთუზიაზმმა და მსახურებისადმი სიყვარულმა აღგვძრა, ჩვენც გადავსულიყავით იქ“. ერიკამ და გარსმა სამი წელი იმსახურეს გაიანაში. ისინი იმ პერიოდს „სანუკვარ დანიშნულებად“ მოიხსენიებენ. გარსი აღნიშნავს: „ჩვენ ვიგემეთ სხვა ქვეყანაში მსახურება და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად კარგია ის“. გარსი და ერიკა მოგვიანებით „სკოლა გალაადში“ მიიწვიეს, დღეს კი ბოლივიაში მსახურობენ.
სამზადისი
ბიბლიურ პრინციპებზე დაფიქრება აღგვძრავს, გავიმარტივოთ ცხოვრება (ებრაელები 13:5). აგრეთვე ვსწავლობთ, როგორ „გამოვთვალოთ ხარჯები“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე (ლუკა 14:26—33). რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის სხვა ქვეყანაში გადასვლაც იგულისხმება! გარსი წერს: „გაიანაში წასვლამდე მე და ერიკამ ცხოვრება გავიმარტივეთ. გავყიდეთ სახლი, ბიზნესი და ყველა არასაჭირო ნივთი. ამ ყველაფერს რამდენიმე წელი დასჭირდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდით გაიანაში გადასვლაზე და არ გვავიწყდებოდა ეს მიზანი. თან ყოველწლიურად ხანმოკლე ვიზიტებით ვსტუმრობდით ამ ქვეყანას“.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ღირს დაფიქრება, შემოსავალია. ზოგ ქვეყანაში კანონი მუშაობის უფლებას აძლევს ჩასულებს. ზოგი ინტერნეტის მეშვეობით აგრძელებს მუშაობას. ზოგი მცირე ხნით ჩადის თავის ქვეყანაში, მუშაობს და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება. მაგალითად, პოლი და სინა, წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდნენ ირლანდიაში და იქ მუშაობდნენ. ამის წყალობით მათ 18 დაუვიწყარი წელი გაატარეს გაიანაში, აქედან 7 წელი ქალიშვილის დაბადების შემდეგ.
ფსალმუნის 37:5-ში წერია: „იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“. შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქრისტოფერს და ლორისას ძალიან უნდოდათ სხვა ქვეყანაში გადასვლა და ხშირად ლოცულობდნენ ამაზე. ისინი ოჯახური თაყვანისცემის საღამოზეც მსჯელობდნენ ხოლმე, თუ კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა ამ მიზნის მისაღწევად და განიხილავდნენ ამ საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს. მათ ისეთ ადგილას უნდოდათ გადასვლა, სადაც ახალი ენის შესწავლა არ მოუწევდათ, ამიტომ არჩევანი გაიანაზე შეაჩერეს, ვინაიდან ამ ქვეყანაში სახელმწიფო ენა ინგლისურია.
შემდეგ უკვე მათ იგავების 15:22-ში ჩაწერილი პრინციპის მიხედვით იმოქმედეს: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“. მათ მისწერეს იმ ფილიალს, რომელიც გაიანაში სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობს; b წერილში გააცნეს, თუ რა გეგმები ჰქონდათ და აუხსნეს თავიანთი შესაძლებლობები. ამავე დროს სთხოვეს, ინფორმაცია მიეწოდებინათ ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების, კლიმატისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. ფილიალმა უპასუხა მათ შეკითხვებს და დააკავშირა იმ კრების უხუცესთა საბჭოსთან, რომელ კრებაშიც ისინი იმსახურებდნენ.
ზემოთ მოხსენიებული ლინელი ამჟამად სარაიონო ზედამხედველად მსახურობს გაიანაში. გადასვლამდე მანაც გამოიყენა იგავების 15:22-ში ჩაწერილი პრინციპი. ლინელი ამბობს: „დანაზოგი გავაკეთე. აგრეთვე ვესაუბრე იმ და-ძმებს, რომელთაც ჰქონდათ სხვა ქვეყანაში მსახურების გამოცდილება. ვესაუბრე ჩემი ოჯახის წევრებსაც, კრების უხუცესებს და სარაიონო ზედამხედველსაც. წავიკითხე ამ საკითხზე ყველა პუბლიკაცია, რაც კი ხელში ჩამივარდა“.
სხვა ქვეყანაში გადასვლამდე ბევრი წინასწარ სტუმრობს იმ ქვეყანას. „მე და ქრისტინა თავიდან სამი თვე დავრჩით გაიანაში, — ამბობს ჯოზეფი, — ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ სიტუაციას გავცნობოდით. შემდეგ დავბრუნდით სახლში, რაღაც-რაღაცები შევცვალეთ და საბოლოოდ გადმოვედით გაიანაში“.
ახალ გარემოსთან შეგუება
სხვა ქვეყანაში გადასულებს თავგანწირვისა და მზადყოფნის სულის გამოვლენა სჭირდებათ ადგილობრივ პირობებსა და წეს-ჩვეულებებთან შესაგუებლად. მაგალითად, ცივი ქვეყნებიდან ტროპიკულ ქვეყნებში გადასულებს ხშირად ისეთ სახლებში უწევთ ცხოვრება, რომლებიც სავსეა ათასგვარი მწერით. „ამდენი ხოჭო ცხოვრებაში არ მყავდა ნანახი. თან რაღაცნაირად იქ კიდე უფრო დიდები მეჩვენებოდა ეს ხოჭოები. მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე ამ მწერებს. ისე, დაკვირვებიდან მიხვდი, რომ, რაც უფრო სუფთად გექნება სახლი, მალევე დარეცხავ ჭურჭელს და ნაგავს დიდხანს არ გააჩერებ ოთახში, მით ნაკლები ხოჭო გესტუმრება ოჯახში“.
როცა სხვა ქვეყანაში გადადიხარ, იქაურ საკვებთან შეგუებაც გიწევს; თან ახალი კერძების მომზადებაც უნდა ისწავლო. ჯოშუა იხსენებს: „მე და ჩემი თანაოთახელი იქაურ და-ძმებს ვთხოვდით, ესწავლებინათ ადგილობრივი საკვები პროდუქტებით საჭმლის მომზადება. როცა ვისწავლიდით ახალი კერძის გაკეთებას, კრების წევრებს ვეპატიჟებოდით და ვასინჯებდით ჩვენს ახალ კერძს. ეს ერთმანეთის უკეთ გაცნობას და მეგობრული კვანძების განმტკიცებასაც უწყობდა ხელს“.
პოლი და კატლინი, რომლებიც აგრეთვე გაიანაში მსახურობენ, იხსენებენ: „ქცევის ახალი წესები ვისწავლეთ; ვისწავლეთ აგრეთვე, როგორ ჩაგვეცვა ტროპიკული კლიმატის შესაბამისად. სიმართლე გითხრათ, მანამდე ასეთი რამ არასოდეს გამოგვიცდია. ასე რომ, თავმდაბლობა უნდა გამოგვევლინა და სიახლეებს მოვრგებოდით თანაც ისე, რომ ბიბლიური პრინციპები არ დაგვერღვია. ადგილობრივ კულტურასთან შეგუებამ კრებასთან უფრო დაგვაახლოვა და დადებითად იმოქმედა ჩვენს მსახურებაზე“.
კურთხევები
ბევრი დაეთანხმება ჯოზეფს, რომელიც მეუღლესთან ერთად მსახურობდა გაიანაში. ის ამბობს: „კურთხევებმა ბევრად გადაწონა სირთულეები. ახალი და რთული საქმის კეთება დაგვეხმარა, გადაგვეფასებინა ჩვენი პრიორიტეტები. ზოგი რამ, რაც მანამდე ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, ნაკლებად ღირებული გახდა. არაერთმა გარემოებამ დაგვანახვა, რომ სწორი კურსი გვქონდა აღებული და ნამდვილად ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავით ღვთისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად შევიგრძენით ნამდვილი კმაყოფილება და ბედნიერება“.
ზემოთ ნახსენები ერიკა ამბობს: „ასეთი სახის მსახურებამ მე და ჩემს მეუღლეს ღმერთზე უფრო მეტი მინდობა გვასწავლა; დავინახეთ, თუ რას ნიშნავს, მიანდო შენი საზრუნავი იეჰოვას. ღვთის ხელი აშკარად დავინახეთ ჩვენს ცხოვრებაში, თანაც ისეთი სახით, როგორიც მანამდე უცხო იყო ჩვენთვის. ახალმა თავგადასავლებმა მე და ჩემი მეუღლეც დაგვაახლოვა ერთმანეთთან“.