„ერთი პატარა სიკეთე“
სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა ერთმა იეჰოვას მოწმემ, სახელად დანიელამ კაფეში იპოვა ჩანთა, რომელიც ვიღაცას დარჩენოდა. ჩანთაში იდო ფული და საკრედიტო ბარათები. დანიელას უნდოდა ჩანთის დაბრუნება, ამიტომ გახსნა, რომ მოეძებნა მისამართი და ტელეფონის ნომერი; თუმცა იქ სახელის მეტი არაფერი ეწერა. დანიელა ბანკში წავიდა, რომ საკრედიტო ბარათების დახმარებით ეპოვა ჩანთის პატრონი, მაგრამ უშედეგოდ. ის აგრძელებდა ძებნას; მან ჩანთაში ექიმის გამოწერილი რეცეპტი იპოვა, რომელზეც მითითებული იყო ექიმის ტელეფონის ნომერი და დარეკა ექიმთან. მიმღებში უთხრეს, რომ ჩანთის პატრონს მის ნომერს მისცემდნენ.
ჩანთის პატრონი გაოცდა, როცა კლინიკიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ვინმე დანიელამ მისი საფულე იპოვა და პატრონს ეძებდა. დანიელა მამასთან ერთად შეხვდა ამ მამაკაცს. მათ ისარგებლეს შემთხვევით და აუხსნეს, რატომ ეძებდნენ ასე მონდომებით ჩანთის პატრონს; უთხრეს, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობდნენ, და რომ პატიოსნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო (ებრაელები 13:18).
რამდენიმე საათის შემდეგ მამაკაცმა დანიელასა და მამამისს მესიჯი მისწერა, სადაც კიდევ ერთხელ უხდიდა მადლობას ჩანთისა და საფულის დაბრუნებისთვის. ის წერდა: „ძალიან ვაფასებ იმას, რომ ამდენი დრო დაკარგეთ ჩემ მოსაძებნად. სასიამოვნო იყო თქვენი ოჯახის გაცნობა. არასოდეს დამავიწყდება თქვენი სიკეთე და პატიოსნება. მადლიერების ნიშნად მინდა, გარკვეული თანხა გადმოგცეთ. ვიცი, დიდ მსხვერპლზე მიდიხართ იმისთვის, რომ თქვენს ღმერთს ემსახუროთ. თქვენი საქციელი თქვენს პატიოსნებასა და წესიერებაზე მოწმობს. ასე რომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. დაე, ღმერთმა აკურთხოს თქვენი მსახურება!“
რამდენიმე თვის შემდეგ დანიელას მამას კვლავ დაუკავშირდა ეს მამაკაცი და მოუყვა, რა შეემთხვა ამ ამბიდან მალევე. საყიდლებზე ყოფნის დროს მას ძირს დაგდებული საფულე უპოვია, მოუძებნია საფულის მფლობელი ქალბატონი და უკან დაუბრუნებია; თან უთქვამს, რატომ მოიქცა ასე, რომ ცოტა ხნის წინ სხვები მოექცნენ მას პატიოსნად. ბოლოს მან ასეთი სიტყვები უთხრა დანიელას მამას: „ერთი პატარა სიკეთე და პატიოსნება სხვებსაც უბიძგებს იმავეს კეთებისკენ; ეს კი, მთლიანობაში, საზოგადოების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის“.