ისინი ჩემ დასახმარებლად გაჩერდნენ
ალბერტაში (კანადა) ერთ ცივ და სუსხიან დღეს ბობი თავისი ავტომობილით დაახლოებით 100 კილომეტრი საათის სიჩქარით მიდიოდა გზაზე. უეცრად მისი ფურგონის უკანა საბურავი გასკდა. ბობი ვერ მიხვდა, რა მოხდა, ამიტომ სვლა განაგრძო. მის სახლამდე ხუთი კილომეტრი იყო დარჩენილი.
იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ სამეფო დარბაზში გაგზავნილ წერილში ბობი გვიყვება: „გზაში ერთი ავტომობილი წამომეწია, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იჯდა. მათ ფანჯარა ჩამოსწიეს და მითხრეს, რომ საბურავი მქონდა დაშვებული. მანქანები გვერდზე გადავაყენეთ. მათ საბურავის გამოცვლა შემომთავაზეს. არც კი ვიცოდი, მქონდა თუ არა სათადარიგო საბურავი და დომკრატი. მე ჩემს ინვალიდის სავარძელში ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ შეძვრნენ ახალგაზრდები ჩემი ფურგონის ქვეშ; მათ სათადარიგო საბურავიც იპოვეს და დომკრატიც; შემდეგ საბურავი შემიცვალეს. საშინელი ყინვა და ქარბუქი იყო. ეს ახალგაზრდები ლამაზად იყვნენ გამოწყობილნი, მაგრამ უარი არ თქვეს ამ უსუფთაო საქმის შესრულებაზე და უყურადღებოდ არ დამტოვეს. ამას მარტო ნამდვილად ვერ გავართმევდი თავს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხუთ ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეს, რომლებმაც დახმარების ხელი გამომიწოდეს. ისინი იმ ტერიტორიაზე იმიტომ იყვნენ, რომ ხალხისთვის ექადაგათ. ეს ბავშვები ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც ქადაგებენ. მათ ძალიან მძიმე განსაცდელისგან მიხსნეს, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. ვინ იფიქრებდა, რომ იმ დღეს შუაგზაზე ამ ანგელოზებს შევხვდებოდი?!“