უთხარი, რომ გიყვარს!
ბულგარეთში ცხოვრობს ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ონგლი. ის ბიბლიას ასწავლიდა ერთ ქალბატონს, რომელსაც ზლატკა ერქვა. ზლატკას ქმარი არ სწავლობდა ბიბლიას. ონგლი გვიყვება: „შესწავლის დროს ოჯახურ საკითხებს რომ შევეხეთ, ყურადღება გავამახვილე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვუთხრათ ჩვენს მეუღლეებსა და შვილებს, რომ გვიყვარს ისინი. ზლატკამ სევდიანი თვალებით შემომხედა და მითხრა, რომ მას არასოდეს უთქვამს არც მეუღლისთვის და არც ცხრა წლის ქალიშვილისთვის, რომ უყვარს“.
ზლატკამ აღნიშნა: „მათთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ამ სიტყვების თქმა არაფრით არ შემიძლია“. მან თქვა: „დედაჩემს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ვუყვარვარ. არც ბებიაჩემს უთქვამს დედაჩემისთვის ეს სიტყვები არასდროს“. ონგლიმ ბიბლიაში აჩვენა ზლატკას, თუ როგორ უთხრა იესოს იეჰოვამ, რომ უყვარდა (მათე 3:17). მან ურჩია ზლატკას, რომ ელოცა და ღმერთისთვის ეთხოვა დახმარება; ისიც ურჩია, რომ მიზნად დაესახა, პირდაპირ ეთქვა თავისი მეუღლისთვის და ქალიშვილისთვის, რომ უყვარდა ისინი“.
ონგლი განაგრძობს: ორი დღის შემდეგ ზლატკამ გახარებულმა მითხრა, რომ ილოცა და იეჰოვას სთხოვა დახმარება; როდესაც მისი ქმარი სახლში დაბრუნდა, აუხსნა, რომ ბიბლიიდან ისწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ცოლი ყოველთვის გამოხატავდეს პატივისცემასა და სიყვარულს ქმრის მიმართ. პატარა პაუზის შემდეგ კი უთხრა, რომ მართლა ძალიან უყვარდა ის. მოგვიანებით, როცა მისი გოგონა დაბრუნდა სახლში, ზლატკამ ის გულში ჩაიკრა და მასაც უთხრა, რომ ძალიან უყვარდა. ჩემთან საუბარში ზლატკამ აღნიშნა: „ახლა დიდ შვებას ვგრძნობ. მთელი ამ წლების მანძილზე ჩემი გრძნობები თითქოს გულში მქონდა დამწყვდეული; მაგრამ ახლა, იეჰოვას დახმარებით, შემიძლია თავისუფლად გამოვხატო სიყვარული ჩემი ოჯახის მიმართ“».
«ერთი კვირის შემდეგ, — განაგრძობს ონგლი, — ზლატკას ქმარი შემხვდა და მითხრა: „ბევრი მეუბნება, რომ ზლატკას ბიბლიის შესწავლა დავუშალო. მაგრამ ფაქტია, მთელი ოჯახისთვის მოაქვს სიკეთე იმას, რომ ის ბიბლიას სწავლობს. ახლა გაცილებით უფრო თბილი და ბედნიერი ოჯახი გვაქვს“».