უსინათლო ქალის ლოცვას პასუხი გაეცა
აზიაში მცხოვრები ერთი და, სახელად იან-მეი, უსინათლო ქალს, მინგჯეს, გზაზე გადასვლაში დაეხმარა. a მინგჯემ დას მადლობა გადაუხადა და უთხრა: „ღმერთმა დაგლოცოს!“ იან-მეიმ შეხვედრა შესთავაზა მინგჯეს, რათა ერთად ემსჯელათ ბიბლიურ საკითხებზე. მინგჯემ ჩვენს დასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველდღე ლოცულობდა, რათა ღვთის ნამდვილი მსახურები ეპოვა. რატომ სთხოვდა ის ღმერთს ამას?
როგორც აღმოჩნდა, 2008 წელს ერთმა უსინათლო მეგობარმა მინგჯეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეკლესიაში წასვლა შესთავაზა. ისიც დათანხმდა. მას შემდეგ, რაც მინგჯემ ეკლესიაში ქადაგება მოისმინა, მღვდელს ჰკითხა, რომელი წიგნიდან კითხულობდა ციტატებს. მღვდელმა მიუგო, რომ ბიბლიიდან ქადაგებდა ღვთის ჭეშმარიტ სიტყვებს. მინგჯეს ამ წიგნის წაკითხვის ძლიერი სურვილი გაუჩნდა, ამიტომ შეიძინა ბიბლია ჩინურ ენაზე ბრაილის შრიფტით და დაახლოებით ექვს თვეში ოცდათორმეტი ტომი წაიკითხა. ბიბლიის კითხვისას მინგჯე მიხვდა, რომ სწავლება სამების შესახებ, რასაც იმ ეკლესიაში ასწავლიდნენ, არასწორი იყო. მან ისიც გაიგო, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა.
დროთა განმავლობაში მინგჯეს გული აუცრუვდა ეკლესიაზე; მიხვდა, რომ მრევლი არ ცხოვრობდა იმ პრინციპების თანახმად, რომელთა შესახებაც ბიბლიაში კითხულობდა. მაგალითად, ეკლესიაში უსინათლოებს მონარჩენ საჭმელს აძლევდნენ მაშინ, როცა სხვებს ახალ საჭმელს ურიგებდნენ. მინგჯეს გული სტკიოდა ასეთ უსამართლობას რომ ხედავდა და ახლომახლო სხვა ეკლესიის ძებნა დაიწყო. სწორედ ამიტომ ლოცულობდა ის დაჟინებით, შეხვედროდა ღვთის ნამდვილ მსახურებს.
იან-მეის გამოვლენილმა სიკეთემ მინგჯე აღძრა, დაეწყო ბიბლიის შესწავლა. ცოტა ხანში ის იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრასაც დაესწრო. მინგჯე იხსენებს: „არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა კრებაზე პირველად მივედი. და-ძმები გულთბილად მესალმებოდნენ, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ უსინათლო ვარ, ისეთი სიყვარულით მიმიღეს, საერთოდ არ მიგრძნია თავი უხერხულად“.
მინგჯემ სწრაფად წაიწია სულიერად წინ და რეგულარულად დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. მას განსაკუთრებით მოსწონდა სამეფო სიმღერების მღერა, მაგრამ უჭირდა, ყოველთვის აჰყოლოდა და-ძმებს, რადგან სიმღერების წიგნი იმ ბრაილის შრიფტით, რომელზეც ის კითხულობდა, არ არსებობდა. ბოლოს, კრების დახმარებით, მინგჯემ ბრაილზე საკუთარი სიმღერების წიგნი შეადგინა. ბრაილის შრიფტით 151 სიმღერის დაწერას 22 საათი მოანდომა. 2018 წლის აპრილში მინგჯემ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღება დაიწყო და ყოველთვიურად დაახლოებით 30 საათს უთმობდა მსახურებას.
მინგჯე ნათლობისთვის რომ მომზადებულიყო, იან-მეიმ მას წიგნიდან „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“ ნათლობისთვის განკუთვნილი კითხვებისა და ბიბლიური მუხლების აუდიო ჩანაწერი გაუკეთა. 2018 წლის ივლისში მინგჯემ თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. მან თქვა: „ჩემზე ძალიან იმოქმედა და-ძმების მიერ კონგრესზე გამოვლენილმა სიყვარულმა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. როგორც იქნა, ღვთის ნამდვილ მსახურებს შევუერთდი!“ (იოანე 13:34, 35). დღეს მინგჯე თავად ავლენს სიყვარულს სხვების მიმართ და სრული დროით ემსახურება ღმერთს.
a ზოგი სახელი შეცვლილია.