რატომ არიდებენ იეჰოვას მოწმეები თავს მოწინააღმდეგეებთან კამათს?
იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ ბიბლიაში ჩაწერილ რჩევას და დამცინავებთან და ცილისმწამებლებთან კამათს ერიდებიან. წიგნ „იგავებში“ ვკითხულობთ: „ვინც დამცინავს შეცდომაზე უთითებს, სირცხვილს იხვეჭს“ (იგავები 9:7, 8; 26:4). ნაცვლად იმისა, რომ ასეთ ხალხთან კამათში ჩაებან, იეჰოვას მოწმეები ყველანაირად ცდილობენ ღვთის ნება შეასრულონ (ფსალმუნი 119:69).
ბიბლიაში წერია, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:7). ჩვენ ვესაუბრებით იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად სურს ღვთის შესახებ სიმართლის გაგება, მაგრამ უარს ვამბობთ მათთან საუბარზე, ვინც ცდილობს, უაზრო კამათში აგვიყოლიოს. ასეთი მოქმედებით იესოსა და პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს ვბაძავთ.
იესოს თავის მართლება არ დაუწყია, როცა პილატეს წინაშე ბრალს სდებდნენ და ცილს სწამებდნენ (მათე 27:11—14; 1 პეტრე 2:21—23). მას მაშინაც არაფერი უთქვამს, როცა გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი უწოდეს. იესომ ცილისმწამებლებს თავისი საქმეებით გასცა პასუხი. ის შემდეგი პრინციპის თანახმად მოიქცა: „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). თუმცაღა იყო შემთხვევები, როცა იესო გაბედულად პასუხობდა ცილისმწამებლებს (მათე 15:1—3; მარკოზი 3:22—30).
იესომ თავის მოციქულებს უთხრა, გული არ გასტეხოდათ, თუ ვინმე უსამართლოდ დასდებდა ბრალს. მან თქვა: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო“ (მათე 5:11, 12). ამასთან, იესო მათ დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა, როცა ბრალმდებლებთან ქადაგების შესაძლებლობა მიეცემოდათ. მან მოციქულებს უთხრა: „მე დაგიდებთ ბაგეზე სიბრძნეს, რომელსაც თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც ვერ შეეწინააღმდეგებიან და ვერ შეედავებიან“ (ლუკა 21:12—15).
მოციქული პავლე ქრისტიანებს ურჩევდა, მორიდებოდნენ მოწინააღმდეგეებთან კამათს, რადგან ეს უსარგებლო და ამაო იყო (ტიტე 3:9; რომაელები 16:17, 18).
მოციქული პეტრე ქრისტიანებს მოუწოდებდა, ყოველთვის გაბედულად ესაუბრათ თავიანთ რწმენაზე (1 პეტრე 3:15). თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ რწმენას საუკეთესოდ ჩვენი საქმეები ამტკიცებს. მან დაწერა: „კარგის კეთებით აუკრათ პირი უგუნურებს, რომლებიც უმეცრებით ლაპარაკობენ“ (1 პეტრე 2:12—15).