რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები დაბადების დღეს?
იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ დაბადების დღეს, რადგან ეს ღვთისთვის მიუღებელია. მართალია, ბიბლიაში პირდაპირ არსად წერია, რომ დაბადების დღის აღნიშვნა აკრძალულია, მაგრამ ღვთის სიტყვა გვეხმარება, ამ თემაზე სხვადასხვა კუთხით ვიმსჯელოთ და გავიგოთ, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ამ საკითხზე. ქვემოთ ამ თემას ოთხი კუთხით განვიხილავთ ბიბლიის ჭრილში.
დაბადების დღე წარმართული წეს-ჩვეულებებიდან იღებს სათავეს. ერთი წიგნის თანახმად, დაბადების დღეს საფუძვლად უდევს იმის რწმენა, რომ ამ დღეს „ბოროტ სულებსა და ძალებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავს დაესხან იუბილარს“, მაგრამ „თუ ამ დროს იუბილარის გვერდით არიან მეგობრები, რომლებიც ხმამაღლა ყოველივე კარგს უსურვებენ მას, ამით იცავენ თავიანთ მეგობარს“ (Funk & Wagnalls Standard Dictionary of Folklore, Mythology, and Legend). სხვა წიგნში კი აღნიშნულია, რომ ძველ დროში დაბადების დღეების შესახებ ჩანაწერებს იმიტომ ინახავდნენ, რომ ჰოროსკოპების შედგენა ამის გარეშე შეუძლებელი იყო, რაც მისტიციზმით გაჟღენთილ მეცნიერებას, ასტროლოგიას უკავშირდებოდა. ამ წიგნში აგრეთვე ნათქვამია: „ძველად ხალხს სჯეროდა, რომ დაბადების დღეს სანთლებს მაგიური ძალა ჰქონდა და იუბილარის სურვილების შესრულების ძალა შესწევდა“ (The Lore of Birthdays).
მაგრამ ბიბლია გმობს მაგიას, სპირიტიზმს და ყველაფერს, რაც მას უკავშირდება (კანონი 18:14; გალატელები 5:19—21). აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ძველად ღმერთმა ქალაქ ბაბილონს მსჯავრი დასდო, სწორედ ის იყო, რომ მისი მცხოვრებნი ასტროლოგიას მისდევდნენ, რაც მაგიის ერთ-ერთი ფორმაა (ესაია 47:11—15). იეჰოვას მოწმეები არ ეძიებიან ყველა წეს-ჩვეულების საწყისებს, მაგრამ, როცა წმინდა წერილებში აშკარა, არაორაზროვანი მითითებებია მოცემული ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ყურს არ უყრუებენ ამას.
პირველი ქრისტიანები არ აღნიშნავდნენ დაბადების დღეს. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია, რომ პირველი ქრისტიანები დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდნენ. ბიბლიიდან ჩანს, რომ მოციქულებმა და სხვებმა, რომლებსაც უშუალოდ იესო ასწავლიდა, დაგვიტოვეს ნიმუში, რომელსაც ყველა ქრისტიანი უნდა მიჰყვეს (2 თესალონიკელები 3:6).
ერთადერთი, რისი აღნიშვნაც ქრისტიანებს მოეთხოვებათ, დაბადების დღე კი არა, სიკვდილის დღეა და ისიც იესო ქრისტეს სიკვდილის დღე (ლუკა 22:17—20). ეს გასაკვირი არც არის, რადგან ბიბლიაში წერია, რომ სიკვდილის დღე დაბადების დღეს სჯობია (ეკლესიასტე 7:1). დედამიწაზე თავისი სიცოცხლის დასასრულს იესომ ღვთის თვალში კარგი სახელი მოიპოვა და ამიტომ მისი სიკვდილის დღე მის დაბადების დღეზე მნიშვნელოვან დღედ იქცა (ებრაელები 1:4).
ბიბლიაში არც ერთხელ არ არის მოხსენიებული, რომ რომელიმე ღვთის მსახურს დაბადების დღე აღენიშნოს. ამის მიზეზი ის არ არის, რომ ბიბლიის დამწერებს დაავიწყდათ ამის დაწერა, რადგან წმინდა წერილებში ორი შემთხვევაა მოხსენიებული, როდესაც მათ, ვინც არ იყვნენ ღვთის მსახურები, თავიანთი დაბადების დღე იზეიმეს. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევა ღვთის სიტყვაში უარყოფით შუქშია წარმოდგენილი (დაბადება 40:20—22; მარკოზი 6:21—29).
განიცდიან რაიმე დანაკლისს იეჰოვას მოწმეების შვილები იმის გამო, რომ არ ზეიმობენ დაბადების დღეს?
როგორც ყველა კარგი მშობელი, იეჰოვას მოწმეებიც თავიანთი შვილებისადმი სიყვარულს მთელი წლის მანძილზე ავლენენ. ისინი მათ საჩუქრებსაც ჩუქნიან და მხიარულ წვეულებებსაც უწყობენ. აგრეთვე ცდილობენ, მიჰყვნენ ღვთის უბადლო მაგალითს, რომელიც ყოველთვის აძლევს თავის შვილებს „იმას, რაც კარგია“ (მათე 7:11). ქვემოთ მოყვანილია იეჰოვას მოწმეების ბავშვების სიტყვები, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ისინი ნამდვილად არ განიცდიან არანაირ დანაკლისს.
„უფრო სასიხარულო მაშინ არის საჩუქრების მიღება, როცა არ ელოდები“ (12 წლის ტამი).
„დაბადების დღეზე შეიძლება საჩუქრებს არ ვიღებ, მაგრამ დედიკო და მამიკო სხვა დროს ყოველთვის მიკეთებენ საჩუქრებს. ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია“ (11 წლის გრეგორი).
„მოიტანენ ხოლმე ნამცხვრებს, იმღერებენ სიმღერას და ამ ათწუთიან გართობას ეძახიან წვეულებას. თუ გინდათ, ნამდვილი წვეულება ნახოთ, ჩემს სახლში მოდით“ (6 წლის ერიკი).