როგორ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები ქორწილს?
იეჰოვას მოწმეები ხშირად უბრალო, მოკრძალებულ ქორწილებს იხდიან, სადაც ყველაფერი ღვთის განსადიდებლად ხდება. საქორწილო ცერემონიის დროს წარმოითქმება ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება, რასაც ზოგჯერ მოჰყვება საქორწილო სუფრა და ლხინი. a საქორწილო ნადიმს ერთხელ იესოც დაესწრო გალილეის კანაში (იოანე 2:1—11).
როგორ მიმდინარეობს საქორწილო ცერემონია?
იეჰოვას მოწმეების ქორწილის მნიშვნელოვანი მხარეა ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება, რომელსაც წარმოთქვამს რომელიმე პასუხისმგებელი ძმა. ეს თბილი და გამამხნევებელი მოხსენება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლია ბიბლიას, დაეხმაროს ახალდაქორწინებულებს, შექმნან ბედნიერი, სიყვარულით სავსე და მყარი ოჯახი (ეფესოელების 5:33).
ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ზოგ წარმომადგენელს მინიჭებული აქვს წყვილის რეგისტრაციაში გატარების უფლება. ასეთ შემთხვევაში, ბიბლიური მოხსენების დასასრულს, ახალდაქორწინებულები წარმოთქვამენ საქორწილო აღთქმას. ამ დროს მათ შეუძლიათ ბეჭდები გაცვალონ, შემდეგ კი, პასუხისმგებელი ძმა მათ ცოლ-ქმრად აცხადებს.
ზოგან კი კანონი მოითხოვს, რომ წყვილი რეგისტრაციაში სახელმწიფო წარმომადგენელმა გაატაროს. ასეთ შემთხვევაში ხელის მოწერა საქორწილო მოხსენების წარმოთქმამდე ხდება. თუ ნეფე-პატარძალს არ დაუდია აღთქმა ხელის მოწერის დროს, ამის გაკეთება მათ შეუძლიათ მოხსენების დასასრულს. ხოლო თუ აღთქმა უკვე დადებული აქვთ, შეუძლიათ მოხსენების დასასრულს კვლავ გაიმეორონ ის, ოღონდ წარსულ დროში. მოხსენების ბოლოს წარმოითქმება ლოცვა, რომელშიც ძმა სთხოვს ღმერთს, აკურთხოს ახალი ოჯახი.
სად ტარდება იეჰოვას მოწმეების საქორწილო ცერემონია?
ბევრ წყვილს სურს, რომ მათი საქორწილო ცერემონია იეჰოვას მოწმეთა დარბაზში ჩატარდეს, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება. b თუ ამ ღონისძიების შემდეგ დაგეგმილია საქორწილო სუფრა ან სტუმრების რაიმე წასახემსებლით გამასპინძლება, ისინი ამისთვის შესაფერის ადგილს არჩევენ.
ვის შეუძლია დასწრება?
თუ საქორწილო ცერემონია იეჰოვას მოწმეების დარბაზში იმართება, მისი კარი ღიაა ყველასთვის, როგორც იეჰოვას მოწმეებისთვის, ისე სხვებისთვის. თუ დაგეგმილია სადილი, წყვილი თავად წყვეტს, ვის დაპატიჟებს.
განსაზღვრულია დრეს-კოდი?
მართალია, იეჰოვას მოწმეების დარბაზში გამართულ საქორწილო ცერემონიაზე დრეს-კოდი განსაზღვრული არ არის, მაგრამ იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, გაითვალისწინონ ბიბლიური რჩევები და ჩაიცვან მოკრძალებულად და ღირსეულად. ისინი აფასებენ, როცა სხვებიც მსგავსადვე იქცევიან (1 ტიმოთე 2:9). იგივე პრინციპი მოქმედებს რესტორანში ან სხვაგან, სადაც იმართება ნადიმი.
მიღებულია საქორწილო საჩუქრების ჩუქება?
ბიბლია გულუხვობისკენ მოგვიწოდებს. (ფსალმუნები 37:21) იეჰოვას მოწმეებს სიამოვნებთ საქორწილო საჩუქრების გაცემაც და მიღებაც (ლუკა 6:38). თუმცა მოწმეები არ ითხოვენ საჩუქრებს და არც საჯაროდ აცხადებენ მათ სახელებს, ვინც საჩუქრები მიართვა (მათე 6:3, 4; 2 კორინთელები 9:7; 1 პეტრე 3:8) ასეთი საქციელი სტუმრებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა და, ამას არც ბიბლია იწონებს.
მიღებულია სადღეგრძელოების თქმა?
არა. იეჰოვას მოწმეები არ ამბობენ სადღეგრძელოებს, რადგან ეს ტრადიცია წარმართული წეს-ჩვეულებიდან იღებს დასაბამს. c მოწმეები დაქორწინებული წყვილის მიმართ კეთილ სურვილებს სხვაგვარად გამოხატავენ.
ხდება ბრინჯის ან კონფეტის აყრა?
არა. ზოგ ქვეყანაში ნეფე-პატარძალს ბრინჯს, კონფეტს ან რაღაც მსგავსს აყრიან. მათ სწამთ, რომ ამ რიტუალის შესრულება წყვილს კარგ იღბალს, ბედნიერებასა და დღეგრძელობას მოუტანს. მაგრამ იეჰოვას მოწმეები ერიდებიან ყველაფერს, რაც ცრურწმენასთან არის დაკავშირებული, მათ რიცხვში შედის ღვთაებებისთვის კარგი იღბლის თხოვნა, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას (ესაია 65:11).
იშლება საქორწილო სუფრა?
იეჰოვას მოწმეების დარბაზში საქორწილო ცერემონიის დროს არ ხდება საჭმელ-სასმელით გამასპინძლება. ზოგ წყვილს სურს, ამ ღონისძიების შემდეგ სტუმრებს სადილით ან რაიმე წასახემსებლით გაუმასპინძლდეს (ეკლესიასტე 9:7). თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ქორწილში ალკოჰოლური სასმელებიც ჰქონდეთ, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ზომიერება იყოს დაცული და სასმელი მხოლოდ სრულწლოვნებისთვის იყოს გათვალისწინებული (ლუკა 21:34; რომაელები 13:1, 13).
არის ქორწილში მუსიკა და ცეკვა?
საქორწილო სუფრას ხშირად თან ახლავს მუსიკა და ცეკვა (ეკლესიასტე 3:4). მუსიკა კარგი გემოვნებით უნდა იყოს შერჩეული, თუმცა ეს მეტწილად კულტურასა და პირად არჩევანზეა დამოკიდებული. იეჰოვას მოწმეების დარბაზში გამართული საქორწილო ცერემონიის დროს შერჩეული მუსიკა ბიბლიურ თემებზეა შექმნილი.
აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები ქორწინების წლისთავებს?
ბიბლია არ საუბრობს იმაზე, უნდა აღნიშნოს თუ არა ცოლ-ქმარმა ქორწინების წლისთავები. აქედან გამომდინარე, ეს პირადად მათი გადასაწყვეტია. თუ ისინი მოისურვებენ, აღნიშნონ თავიანთი ქორწინების წლისთავი, მათ შეუძლიათ ეს მოვლენა მხოლოდ თვითონ ორმა, ან მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნონ.
a საქორწილო წეს-ჩვეულებები, აღნიშვნის ფორმა და ქორწინების რეგისტრაცია შესაძლოა განსხვავდებოდეს ადგილმდებარეობის მიხედვით.
b მომხსენებელი საქორწილო მოხსენების წაკითხვისთვის ფულს არ იღებს; გადასახადი არც დარბაზით სარგებლობისთვის არის დაწესებული.
c იმის შესახებ, რომ სადღეგრძელოები ცრუ რელიგიიდან იღებს დასაბამს, იხილეთ 2007 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“.