მართლა ანგრევენ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს?
ჩვენ, იეჰოვას მოწმეები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მტკიცე საძირკველზე ავაშენოთ საკუთარი ოჯახი და ვცდილობთ, სხვებსაც დავეხმაროთ ამ მხრივ, რათა მათ ოჯახშიც დაისადგუროს იდილიამ. ჩვენ პატივს მივაგებთ ღმერთს, ოჯახის დამფუძნებელს (დაბადება 2:21—24; ეფესოელები 3:14, 15). სწორედ ის გვაძლევს პრინციპებს, რომლებიც მის სიტყვაში, ბიბლიაშია ჩაწერილი და გვასწავლის კიდეც მათ გამოყენებას; ეს პრინციპები ეხმარება მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონებს, მყარი და ბედნიერი ოჯახები ჰქონდეთ.
როგორ განამტკიცებენ იეჰოვას მოწმეები ოჯახურ კვანძებს
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მივყვეთ ბიბლიურ რჩევებს, რადგან სწორედ ეს რჩევები გვეხმარება, უკეთესი ქმრები, ცოლები და მშობლები გავხდეთ (იგავები 31:10—31; ეფესოელები 5:22—6:4; 1 ტიმოთე 5:8). ბიბლიური სიბრძნე იმ ოჯახებსაც კი ეხმარება, რომლის წევრებსაც განსხვავებული რელიგიური შეხედულებები აქვთ (1 პეტრე 3:1, 2). ვნახოთ, რას ამბობენ ისინი, რომელთა მეუღლეებიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ, მაგრამ თავად არ იზიარებენ მეორე ნახევრის რელიგიურ შეხედულებებს:
„დაქორწინების შემდეგ პირველი ექვსი წელი გაუთავებლად ვჩხუბობდით და ვკინკლაობდით. მაგრამ ჩემი მეუღლე, ივეტი საკმაოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გახდა. ის მეტად ავლენდა სიყვარულს და მოთმინებას. სწორედ ამის წყალობით შევინარჩუნეთ ოჯახი“ (კლაუირი, ბრაზილია).
„თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, როცა ჩემმა ქმარმა, ჩანსამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი ოჯახებს ანგრევდნენ. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჩვენი ოჯახი დანგრევას სწორედ ბიბლიამ გადაარჩინა“ (აგნესი, ზამბია).
მსახურების დროს ჩვენ ხალხს ვუხსნით, ბიბლიური სიბრძნის დახმარებით როგორ შეუძლიათ ...
განხეთქილებას ხომ არ გამოიწვევს ოჯახში, თუ ერთ-ერთი მეუღლე რელიგიას შეიცვლის?
ზოგჯერ ეს მართლაც იწვევს განხეთქილებას ოჯახში. მაგალითად, 1998 წელს ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ 20-დან ერთ ოჯახს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მეუღლე იეჰოვას მოწმე გახდა.
იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მათ, ვინც მიჰყვებოდა მის სწავლებებს, დროდადრო ოჯახში განხეთქილება ექნებოდათ (მათე 10:32—36). ისტორიკოსი უილ დიურანტი აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც რომის იმპერიაში შედიოდნენ, „თვლიდნენ, რომ ქრისტიანობა ის რელიგია იყო, რომელიც ოჯახებს ანგრევდა“. a ზოგ იეჰოვას მოწმეს დღესაც სდებენ ამაში ბრალს. ნიშნავს ეს იმას, რომ მოწმეები იწვევენ ოჯახში განხეთქილებას?
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როდესაც განიხილავდა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეს იმის თაობაზე, რომ თითქოს მოწმეები ანგრევენ ოჯახებს, აღნიშნა, რომ ხშირად სწორედ ისინი იწვევენ ოჯახში კონფლიქტს, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე, რადგან „არ აღიარებენ და პატივს არ სცემენ ოჯახის წევრის უფლებას, თავისუფლად შეასრულოს თავისი რელიგიური მსახურება“. სასამართლო გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღნიშნული იყო: „მსგავსი სურათია ყველა იმ ოჯახში, რომლის წევრებსაც სხვადასხვა რელიგიური შეხედულებები აქვთ და ამიტომ ამ მხრივ იეჰოვას მოწმეები ნამდვილად არ არიან გამონაკლისი“. b მაშინაც კი, თუ იეჰოვას მოწმეებს თავიანთი რელიგიური მოსაზრების გამო ცუდად ეპყრობიან და ავიწროებენ, ისინი ცდილობენ, მიჰყვნენ ბიბლიურ რჩევას: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს ... რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:17, 18).
რატომ მიაჩნიათ იეჰოვას მოწმეებს მართებულად, რომ მხოლოდ თანამორწმუნეზე დაქორწინდნენ
იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ბიბლიურ რჩევას და ქორწინდებიან მხოლოდ „უფალში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მომავალ მეუღლედ მას ირჩევენ, ვინც მათ რწმენას იზიარებს (1 კორინთელები 7:39). ეს ღვთის მითითებაა, რომელიც, ამავდროულად, პრაქტიკულია. მაგალითად, 2010 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში c ნათქვამი იყო: „თუ ოჯახში ქმარიც და ცოლიც ერთი და იმავე რელიგიის მიმდევარია და ერთნაირი შეხედულებები თუ ინტერესები აქვთ“, მათი ოჯახი საკმაოდ მყარია.
თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეები მოუწოდებენ თანამორწმუნეებს, დაშორდნენ მეუღლეს, თუ ეს უკანასკნელი არ იზიარებს მის რწმენას. პირიქით, ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს მას, ხოლო, თუ ქალს ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს ქმარს“ (1 კორინთელები 7:12, 13). იეჰოვას მოწმეები ყველანაირად ცდილობენ, გაითვალისწინონ ეს ბიბლიური რჩევა.