რატომ არ ზეიმობთ აღდგომას?
გავრცელებული მცდარი აზრები
სიცრუე: იეჰოვას მოწმეები იმიტომ არ ზეიმობენ აღდგომას, რომ ქრისტიანები არ არიან.
სინამდვილე: ჩვენ გვჯერა, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი. ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ, „მივყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21; ლუკა 2:11).
სიცრუე: თქვენ არ გჯერათ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა.
სინამდვილე: ჩვენ გვწამს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. იმასაც ვაღიარებთ, რომ იესო არის ქრისტიანული რწმენის ქვაკუთხედი და ამას ყოველთვის აღვნიშნავთ ქადაგების დროს (1 კორინთელები 15:3, 4, 12—15).
სიცრუე: თქვენ არ გადარდებთ, რომ თქვენს შვილებს აკლდებათ სიხარული, რომელსაც აღდგომის დღესასწაულზე სხვა ბავშვები განიცდიან.
სინამდვილე: ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწორად აღვზარდოთ ისინი და გვინდა, რომ ბედნიერები იყვნენ (ტიტე 2:4).
რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები აღდგომას?
აღდგომის დღესასწაულს არა აქვს ბიბლიური საფუძველი.
იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ აღენიშნათ მისი სიკვდილის გახსენების საღამო და არა აღდგომა. ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მთვარის ბიბლიური კალენდრის მიხედვით (ლუკა 22:19, 20).
ჩვენ ვიცით, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები, რომლებიც სათავეს იღებს ნაყოფიერების რიტუალებისგან, ღვთისთვის მიუღებელია. ღმერთი ჩვენგან „განსაკუთრებულ ერთგულებას“ მოითხოვს. ღმერთს გული სტკივა, როცა ხალხი ისეთ წეს-ჩვეულებებს მიჰყვება, რომლებსაც თავად არ იწონებს (გამოსვლა 20:5; 1 მეფეები 18:21).
ჩვენ იმიტომ არ ვზეიმობთ აღდგომას, რომ მას არა აქვს ბიბლიური საფუძველი. ბიბლია მოგვიწოდებს, ადამიანთა ტრადიციებს კი არ მივყვეთ, არამედ გონივრულად და ბრძნულად მოვიქცეთ (იგავები 3:21; მათე 15:3). როცა სხვებს აღდგომის შესახებ ჩვენს თვალსაზრისზე ვესაუბრებით, პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი (1 პეტრე 3:15).