არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ განკარგავენ იეჰოვას მოწმეები შესაწირავებს?

როგორ განკარგავენ იეჰოვას მოწმეები შესაწირავებს?

 შესაწირავებს ვიყენებთ როგორც რელიგიური საქმიანობისთვის, ისე დაზარალებულთა დასახმარებლად. ეს კი ხელს უწყობს ჩვენს ძირითად საქმიანობას, დავეხმაროთ ადამიანებს, გახდნენ იესოს მოწაფეები (მათე 28:19, 20).

 ჩვენი შესაწირავები რომელიმე ადამიანის გამდიდრებას არ ემსახურება. უხუცესები თუ სხვა მომსახურე პირები უსასყიდლოდ მსახურობენ. არცერთ იეჰოვას მოწმეს არ ეძლევა თანხა კარდაკარ მსახურებისთვის. ჩვენს ფილიალებსა თუ მსოფლიო მთავარ სამმართველოში მომსახურე ყველა მოხალისე, მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, მიეკუთვნებიან რელიგიურ გაერთიანებას და მათ ხელფასს არ უხდიან.

ჩვენი საქმიანობა

  •   გამომცემლობა: ყოველწლიურად ჩვენ ვთარგმნით, ვბეჭდავთ და ვგზავნით სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციას, რომლებიც უსასყიდლოდ ვრცელდება. გარდა ამისა, ეს პუბლიკაციები უფასოდ, ყოველგვარი რეკლამის გარეშე, ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.

  •   მშენებლობა და მოვლა-პატრონობა: ჩვენ მთელ მსოფლიოში ვაშენებთ და ვუვლით თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ სადა და უბრალო შენობებს, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, ერთად შევიკრიბოთ და განვადიდოთ იეჰოვა. აგრეთვე ვაშენებთ და ვუვლით ფილიალებსა და მთარგმნელობით ოფისებს. ამ სამუშაოებს, ძირითადად, მოხალისეები ასრულებენ, რითაც თანხები საგრძნობლად იზოგება.

  •   ადმინისტრაციული საქმიანობა: მსოფლიო მთავარი სამმართველოს, ფილიალების, მთარგმნელობითი ოფისების, აგრეთვე მიმომსვლელი მსახურების საქმიანობა ხორციელდება მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად გაღებული შესაწირავებით.

  •   სამქადაგებლო საქმიანობა: მოწმეებს ფულს არ უხდიან არც სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის და არც „ღვთის სიტყვის“ სწავლებისთვის (2 კორინთელები 2:17). თუმცა პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, სპეციალურად მომზადებულ ზოგიერთ ქრისტიანს, რომლებიც თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს სამქადაგებლო საქმიანობას უძღვნიან, მოკრძალებული საცხოვრებლით უზრუნველყოფენ და ზრუნავენ მათ აუცილებელ მოთხოვნილებებზე (ფილიპელები 4:16, 17; 1 ტიმოთე 5:17, 18).

  •   სწავლების საქმე: კონგრესების ხარჯები ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავებით იფარება. აგრეთვე მზადდება ბიბლიაზე დაფუძნებული აუდიო და ვიდეო პროგრამები. გარდა ამისა, უხუცესებისა და სრული დროით მსახურებისთვის ტარდება სკოლები, რათა მათ უკეთესად შეასრულონ დაკისრებული დავალებები.

  •   სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარება: ჩვენ საკვებით, წყლითა და საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ მათ, ვინც სტიქიის ან ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურებების შედეგად დაზარალდა. ამგვარად, სიკეთეს ვუკეთებთ არა მხოლოდ მათ, „ვინც რწმენით ჩვენიანია“, არამედ სხვებსაც (გალატელები 6:10).