არიან იეჰოვას მოწმეები სიონისტები?
არა, არ არიან. იეჰოვას მოწმეები არიან ქრისტიანები, რომელთა რწმენაც წმინდა წერილებს ეფუძნება. მართალია, ზოგი რელიგია ასწავლის, რომ პალესტინაში ებრაელების თავმოყრა დაკავშირებულია ბიბლიურ წინასწარმეტყველებასთან, მაგრამ იეჰოვას მოწმეები ამ აზრს არ იზიარებენ. მათ არ სჯერათ, რომ ამ პოლიტიკური მოვლენის შესახებ რაიმე იყო ნაწინასწარმეტყველები წმინდა წერილებში. სინამდვილეში, წმინდა წერილები მხარს არ უჭერს იმ აზრს, რომ რომელიმე მთავრობა, ეთნიკური ჯგუფი ან ხალხი სხვაზე უპირატესობს. იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ცალსახად არის აღნიშნული: „წმინდა წერილები მხარს არ უჭერს პოლიტიკურ სიონიზმს“.
ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ სიონიზმს შემდეგნაირად განმარტავს: „ებრაული ეროვნული მოძრაობა, რომლის მიზანია პალესტინაში ებრაელთა ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მხარდაჭერა“. ამ იდეოლოგიას გააჩნია რელიგიური და პოლიტიკური საფუძვლები. იეჰოვას მოწმეებს სიონიზმი არ მიაჩნიათ რელიგიურ მოძღვრებად და ისინი სრულიად ნეიტრალურები არიან პოლიტიკური სიონიზმის მიმართ.
იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც მხარს არ უჭერს არცერთ პოლიტიკურ წყობას, მათ შორის სიონიზმს. იეჰოვას მოწმეების ნეიტრალური პოზიციის შესახებ არაერთი ფაქტი მოწმობს. ზოგ ქვეყანაში მოწმეები დღემდე სასტიკ დევნას ხვდებიან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ სრული მშვიდობა დედამიწაზე მხოლოდ ღვთის სამეფოს მეშვეობით დამყარდება. ნამდვილი მშვიდობის დამყარებას ვერც ადამიანური მთავრობა შეძლებს და ვერც რომელიმე პოლიტიკური მოძრაობა.
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები თავიანთი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე ემორჩილებიან მთავრობის მიერ დადგენილ კანონებს. ისინი არ გამოდიან ხელისუფლების წინააღმდეგ და არ მონაწილეობენ შეიარაღებულ კონფლიქტებში.