აძალებენ იეჰოვას მოწმეები შვილებს ნათლობას?
არა, რადგან რელიგია და ღვთისადმი თაყვანისცემა თითოეული ადამიანის პირადი გადასაწყვეტია (რომაელები 14:12). მართალია, იეჰოვას მოწმეები თავიანთ შვილებს ბიბლიურ პრინციპებს ასწავლიან, მაგრამ ბავშვი როცა გაიზრდება, თვითონ გადაწყვეტს, გახდეს თუ არა იეჰოვას მოწმე (რომაელები 12:2; გალატელები 6:5).
როგორც ყველა მშობელს, იეჰოვას მოწმეებსაც საუკეთესო სურთ თავიანთი შვილებისთვის. ისინი შვილებს ასწავლიან ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ, იქნება ეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ზნეობრივი პრინციპები თუ რელიგიური სწავლებები. იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ბიბლიის დახმარებით ადამიანი საუკეთესო გზას პოულობს ცხოვრებაში. ამიტომ ისინი ბიბლიურ ფასეულობებს თავიანთ შვილებსაც უნერგავენ ბიბლიის შესწავლისა და ქრისტიანული შეხვედრების მეშვეობით (კანონი 6:6, 7). თითოეული ბავშვი, როცა წამოიზრდება, გააზრებულად გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა მშობლების რწმენა.
ნათლავენ იეჰოვას მოწმეები ჩვილ ბავშვებს?
არა. ბიბლია მხარს არ უჭერს ჩვილ ბავშვთა ნათლობას. მაგალითად, წმინდა წერილებიდან ჩანს, რომ პირველ საუკუნეში, სანამ ვინმე მოინათლებოდა, ჯერ მთელი გულით იღებდა ღვთის სიტყვას და ინანიებდა წარსულში ჩადენილ ცოდვებს (საქმეები 2:14, 22, 38, 41). აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც სურდა ნათლობა, იმ ასაკის უნდა ყოფილიყო, რომ შეძლებოდა ბიბლიური სწავლებების გაგება, რწმენის გამოვლენა და ნასწავლის თანახმად ცხოვრება. რასაკვირველია, ამ ყველაფრის გაკეთება ჩვილებს არ შეუძლიათ.
როცა ბავშვი წამოიზრდება, შეიძლება თავად გადაწყვიტოს, რომ მოინათლოს. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმამდე, მას კარგად უნდა ესმოდეს, რის გაკეთება მოეთხოვება ნათლობის შემდეგ.
წყვეტენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ შვილებთან ურთიერთობას, თუ ისინი იეჰოვას მოწმეებად არ ინათლებიან?
არა. მართალია, იეჰოვას მოწმე მშობლებს გული დასწყდებათ, თუ შვილები არ გაიზიარებენ მათ რწმენას. თუმცა მათ მაინც უყვართ შვილები და არ წყვეტენ მათთან ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ გახდნენ იეჰოვას მოწმეები.
რატომ დაჰყავთ იეჰოვას მოწმეებს თავიანთი შვილები საქადაგებლად?
ჩვენ შვილები საქადაგებლად შემდეგი მიზეზების გამო დაგვყავს: a
ბიბლია მოუწოდებს მშობლებს, ასწავლონ თავიანთ შვილებს სულიერი საკითხები და ის, თუ როგორ სცენ ღმერთს თაყვანი (ეფესოელები 6:4). ღვთისადმი თაყვანისცემა საკუთარ რწმენაზე სხვებთან საუბარსაც მოიცავს. აქედან გამომდინარე, ქადაგება ბავშვის რელიგიური განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად ითვლება (რომაელები 10:9, 10; ებრაელები 13:15).
ბიბლია პირდაპირ მოუწოდებს ახალგაზრდებს: „ადიდეთ სახელი უფლისა“ (ფსალმუნი 148:12, 13; „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). ღვთის განდიდების მთავარი საშუალება სხვებთან მასზე საუბარია. b
ბავშვებისთვის მრავალმხრივ მოაქვს სიკეთე მშობლებთან ერთად ქადაგებას. მაგალითად, ისინი ეუფლებიან ადამიანებთან საუბრის წარმართვის ხელოვნებას და იძენენ ისეთ ძვირფას თვისებებს, როგორიცაა თანაგრძნობა, სიკეთე, პატივისცემა და უანგარობა. გარდა ამისა, ისინი ხედავენ, რა ბიბლიური საფუძველი აქვს მათ მრწამსს.
აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები დღესასწაულებს?
იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ ისეთ რელიგიურ დღესასწაულებს, რომელთაც ღმერთი არ იწონებს c (2 კორინთელები 6:14—17; ეფესოელები 5:10). მაგალითად, ჩვენ არ აღვნიშნავთ დაბადების დღეებს და შობა-ახალ წელს მათი არაქრისტიანული წარმოშობის გამო.
მიუხედავად ამისა, ჩვენ გვიყვარს ოჯახის წევრებთან ყოფნა და შვილებისთვის საჩუქრების ჩუქება. ჩვენ არ ველოდებით განსაკუთრებულ დღეებს, რომ ერთად შევიკრიბოთ და ერთმანეთს საჩუქრები ვაჩუქოთ, რადგან ამას წლის ნებისმიერ დროს ვაკეთებთ.
a როგორც წესი, იეჰოვას მოწმეთა ბავშვები არ დადიან საქადაგებლად მშობლების ან სხვა პასუხისმგებელი პირის გარეშე.
b ბიბლია მოგვითხრობს რამდენიმე ბავშვზე, რომლებიც სხვებთან თავიანთ რწმენაზე საუბრობდნენ და ასეთი სახით ღმერთს ადიდებდნენ (2 მეფეები 5:1—3; მათე 21:15, 16; ლუკა 2:42, 46, 47).
c იხილეთ სტატია: „რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები ამა თუ იმ დღესასწაულს?“
d ზოგი სახელი შეცვლილია.