ამბობენ იეჰოვას მოწმეები უარს ვაქცინაციაზე?
არა. იეჰოვას მოწმეები არ ვართ ვაქცინაციის წინააღმდეგნი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს საკითხი თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ბევრი იეჰოვას მოწმე არჩევს ვაქცინის გაკეთებას.
ჩვენ მკურნალობის საუკეთესო გზებს ვეძებთ და ვაფასებთ სერიოზული დაავადებების რისკის შესამცირებლად მედიცინის სფეროში გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებს. დიდად მადლიერნი ვართ მედიცინის მუშაკების მიერ გამოვლენილი დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში.
იეჰოვას მოწმეები თანამშრომლობენ ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე უფლებამოსილ პირებთან. მაგალითად, მას შემდეგ, რაც კოვიდ-19 პანდემიამ იფეთქა, იეჰოვას მოწმეები ასობით ენაზე აქვეყნებენ ინფორმაციას ამ ვებგვერდზე, რითაც ხალხს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამაში შედის ფიზიკური დისტანციის და რეგულაციების დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კარანტინი, ხელის დაბანა, ნიღბების ტარება და სხვა პრაქტიკული ქმედებები, რომელთა დაცვა მოითხოვება ან რეკომენდებულია ხელისუფლების მიერ (რომაელები 13:1, 2).
წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებში ყურადღება მახვილდებოდა შემდეგ პრინციპებზე:
მკურნალობის მეთოდების არჩევა პირადად გადასაწყვეტი საკითხია (გალატელები 6:5).
„[ეს ჟურნალი] რეკომენდაციას არ უწევს რომელიმე მედიკამენტს ან მკურნალობის მეთოდს და არ იძლევა სამედიცინო რჩევებს. მისი მიზანი უბრალოდ ფაქტების გადმოცემაა, რის შემდეგაც მკითხველმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები“ (ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, 1987 წლის 8 თებერვალი, ინგლ.).
„როცა საკითხი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის ვაქცინის გაკეთებას ეხება, პირადად უნდა გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ“ (ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, 1965 წლის 22 აგვისტო, ინგლ.).
მკურნალობას იმიტომ ვიტარებთ, რომ კარგად გვესმის სიცოცხლის ფასი (საქმეები 17:28).
„მოწმეები ექიმებთან იმის გამო მიდიან, რომ მათგან დახმარება მიიღონ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს. მათ უყვართ სიცოცხლე და სურთ, რომ ყველაფერი გააკეთონ მის გასახანგრძლივებლად გონივრულობის ფარგლებში და ბიბლიურ ნორმებთან თანხმობაში“ („საგუშაგო კოშკი“, 1975 წლის 1 ივლისი).
„იეჰოვას მოწმეები იღებენ მედიკამენტებს და იტარებენ მკურნალობას. მათ სურთ, შეინარჩუნონ კარგი ჯანმრთელობა და დიდხანს იცოცხლონ. პირველ საუკუნეში მცხოვრები ლუკას მსგავსად, ზოგი იეჰოვას მოწმე ექიმია. ... იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანების დაუღალავ შრომასა და თავგანწირვას. მოწმეები იმისთვისაც არიან მადლიერნი, რომ ავადმყოფობის დროს მედიცინის მუშაკები მათ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ“ (ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, 2011 წლის 1 თებერვალი).